აქტუალური
ლევან მამალაძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ და პრეზიდენტისგან მის შეწყალებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი სურვილია ხმა მიაწვდინონ როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართა.

ლევან მამალაძის დედის ვერა პაიჭაძის განცხადებით, შვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს რამდენჯერმე მიმართა.

გაუგებრობაში ვართ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხმას ვერ ვიღებდით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი იმედი გვქონდა, რომ ჩემი შვილის საქმე გადაიხედებოდა და მას შეიწყალებდნენ, მაგრამ დღესაც გაუგებრობაში ვართ და არავინ გვცემს პასუხს“, – განაცხადა ვერა პაიჭაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ექს-გუბერნატორს ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა. მანამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ლევან მამალაძე, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ არჩევნები არ ცნო, რასაც „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა.