სამართალი
ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი გალელი იპოვეს

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას გალის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ცნობის შემდეგ, მდინარე ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი გუშინ ენგურში დამხრჩვალი სამი პირიდან ერთ-ერთის მეუღლეა.

გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გალის მკვიდრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.