აქტუალური
გადახდისუუნაროთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება

movaleebi_reestrshiმოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ დავალიანების მქონეთა რაოდენობამ აპრილის ბოლოს 39 099-ს მიაღწია. ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ. ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად.

2011 წლის იანვრის ბოლოსთვის რეესტრში 18 442 მოვალე იყო რეგისტრირებული, 3 თვის განმავლობაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 2,12-ჯერ არის გაზრდილი. რეესტრიდან მოვალეთა ამორიცხვა არ ხდება, ან თუ ხდება, იმდენად უმნიშვნელოდ, რომ მოვალეთა რაოდენობის ზრდის ტემპზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომელთა მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო საქმისწარმოება. აღსრულების კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა.