რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე - გარეჯთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრა გამართა ბაქოში და საიმედო სიგნალი მოვიდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯთან დაკავშირებით არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედით ვუყურებთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას, რომელიც ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განმარტებით, იმედიანი განწყობა პრემიერის განცხადებიდან გამომდინარე აქვს.

„პრემიერმა თქვა, რომ ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა და კონკრეტულ შედეგებს დაველოდებით“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი დაჩქარდება და მალე გადაწყდება ისე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას შეეფერება.