სამართალი
სექს-ტრეფიკინგი საქართველოში? რა ვითარებაში გარდაიცვალა ყაზახეთის მოქალაქე

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული 57 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი 6 მაისს დააკავეს. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მან ახალგაზრდა ქალი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ მოკვლით დაემუქრა და ფსიქოლოგიურად იძალადა, რის შემდეგაც, მძიმე ფსიქო-ტრავმატულ მდგომარეობაში მყოფმა ყაზახეთის მოქალაქემ თავი მოიკლა – ის საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადახტა.

საქმის წინასწარი განხილვა დახურულ ფორმატში წარიმართა, რადგან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება. პროკურატურამ გამოძიების დასრულებამდე მოითხოვა ბრალდებულის გისოსებს მიღმა დატოვება. მათი განმარტებით, გირაოს შემთხვევაში არსებობს საქმის დეტალების დაფარვის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ბრალდებულს არ ჰყავდა ადვოკატები, ამიტომ დაცვის მხარემ შუამდგომლობა არ წამოაყენა. მუხლები, რომელთა მიხედვითაც ხდება საქმის კვალიფიკაცია, არ გულისხმობს ადვოკატთა სავალდებულო მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლო განხილვა 23 ივნისს განახლდება.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი 26 წლის ასაელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ მიმდინარე წლის აპრილში ჩამოვიდა. გოგონაზე ძალადობდნენ სექსუალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. აღნიშნული სისტასტიკე გოგონამ სიცოცხლის ბოლო საათებში ფარულად ჩაწერა და მისი მეგობრისთვის გაგზავნა მოასწრო.

ჩანაწერში მხოლოდ 2 პირი ფიგურირებს. აისელ აიპაევა და ბესიკ თორდუა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს, თორდუა სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. მამაკაცი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობს და ფაქტობრივად აღიარებს, რომ მან ყაზახეთის მოქალაქეზე სექსუალურად იძალადა.

ის რაც აუდიოჩანაწერშია – რომელსაც ახლა პროკურატურა სწავლობს – ისმის დიალოგი, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, ტრეფიკინგის კიდევ უფრო მასშტაბური ქსელი იყოს, რომელიც გოგონებით ვაჭრობითაა დაკავებული.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ამ აუდიო ჩანაწერის მცირე მონაკვეთი, რომელშიც ისმის, რომ ქალი ესაუბრება ვინმე ბესოს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებს და ფანჯრიდან გადახტომისკენ მოუწოდებს.

„მდუღარე წყალს გადაგასხამ… ვითომ ფანჯრიდან გინდოდა გადახტომა… რატომ არ გადახტი? მიდი!“ – ისმის რუსულენოვან ჩანაწერში.

მოძალადეებმა 26 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ავტოკომპანიაში სამუშაოდ, სავარაუდოდ მოტყუებით ჩამოიყვანეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლის მე -2 ნაწილისა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – რაც გაუპატიურებას გულისხმობს, რომელსაც თვითმკვლელობა მოჰყვა; დაკავებულს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ქალთა უფლებების დამცველმა და ორგანიზაცია საფარის დირექტორმა ბაია პატარაიამ.

“ყაზახი გოგოს სუიციდთან დაკავშირებით ეჭვი მაქვს ტრეფიკინგზე. გამოძიებამ უნდა მიაქციოს ყურადღება და იკვლიოს მოძალადე სექსუალურ ექსპლუატაციას ხომ არ უწევდა ან აძალებდა ქალს. მოკლე ჩანაწერი მოვისმინე და ის კაცი ნამდვილად ტოვებს ტრეფიკიორის შთაბეჭდილებას. საჭიროა კვალიფიციური გამოძიება. თუმცა, ტრეფიკინგის ბრალდება სახელმწიფოსთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ქალზე მორიგი ძალადობა”, – წერს პატარაია.

Jam-news