უცხოეთი
სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების სარჩელების განხილვა დაიწყო

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა დაწყებულია ორივე მხარის პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ორი თანამებრძოლის ნიკანორ მელიას და გიგი უგულავას სამი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სააკაშვილმა და ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა მაისში განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საქმეები განსახილველად მიიღო. გიგი უგულავას საქმე სტრასბურგის სასამართლომ უფრო ადრე მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ამჟამად დაწყებულია მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა.

„საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს – სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გამოიტანს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმეების განხილვას, სულ მცირე, ორი წელი დასჭირდება.

პოლიტიკოსების საქმეები საქართველოს წინააღმდეგ

იუსტიციის სამინისტრომ საქმეების მოკლე მიმოხილვაც წარმოადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

„ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აქ საუბარია მისი დაკავების შეუსაბამობაზე კონვენციასთან.

„სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გიგი უგულავას შემთხვევაში კი, სამინისტროს მონაცემებით, საქმე ეხება მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმის, მათ შორის, 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ჩხუბში მისი ბრალდებულად ცნობის შეუსაბამობას ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

sputnik-georgia.com