რელიგია
ილია მეორე - წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიმართვაში.

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. „ღმერთი მშვიდობისა იყავნ ყოველთა თანა, ამინ“, – აღნიშნულია მიმართვაში.