საზოგადოება
მმართველი პარტიისა და ოპოზიციური „რვიანის“კონსულტაციების ბუნდოვანება ხალხის უნდობლობას აღრმავებს

rviani7მმართველი პარტიისა და რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციებს მართავენ, თუმცა მხარეები დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

„დაწყებულია კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში, რაც ყველაზე საუკეთესო საშუალებაა შეთანხმების მისაღწევად“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილმა 5 მაისს.

„ოპოზიციური რვიანიდან“ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან ერთი შეხვედრა უკვე შედგა.

„ჯერჯერობით მათი [ხელისუფლების] მხრიდან არის სურვილი მხოლოდ ურთიერთობების და მათ რაიმე თვისობრივი საკითხები არ წარმოუდგენიათ“, – ამბობს იგი.

მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ ცალ-ცალკე ეწარმოებინა მოლაპარაკებები რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში შემავალ პარტიებთან, „რვიანს“ ამ მოლაპარაკებებზე ისედაც ერთი ინდივიდი წარმოადგენს.

თუმცა მხარეებმა არ ისურვეს მეტ კონკრეტიკაზე საუბარი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას და ოპოზიციურ „რვიანს“, როდის შედგება მომდევნო შეხვედრა და როგორი იქნება დღის წესრიგი.

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ყოფილი ფორმატი ხელისუფლებამ დაშლილად“ გამოაცხადა და ჩათვალა, რომ ინდივიდუალური რეჟიმი „უფრო მეტად კომფორტული იქნება მისთვის შედეგის მისაღწევად“, რვა ოპოზიციური პარტია ამ რეჟიმში მოლაპარაკებებს დათანხმდა, რათა „შედეგი დადგეს“.

თუმცა მმართველი პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციას ადანაშაულებს იმ მოლაპარაკებათა ფორმატის ჩაშლაში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე ნოემბერ-მარტში იმართებოდა და რომლის მიმდინარეობასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უშუალოდ ადევნებდნენ თვალს.

გამომდინარე მხარეთა მინიშნებებიდან, სულ უფრო ნაკლებია შანსი, რომ აღდგეს მოლაპარაკებათა ის ფორმატი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმართებოდა და რომელსაც მოდერაციას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევდა.

თუმცა, ექსპერტების აზრით, კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების პროცესისა და შინაარსის ამგვარი დაბინდვა ხალხში მათ მიმართ უნდობლობას აღრმავებს.