საზოგადოება
გამარჯვების ზეიმი თბილისში

maisi9მეორე მსოფლიო ომის დასრულების 66-ე წლისთავი საქართველოში ტრადიციულად აღინიშნა. 8 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც მიწვეული იყვნენ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ წარმომადგენლები. რუსთაველის თეატრმა 800-მდე ვეტერანს უმასპინძლა. მათ გამარჯვებისდღე მიულოცეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველების სახელები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ამის შემდეგ კი ვეტერანებისთვის სპექტაკლიც გაიმართა.

9 მაისს კი გამარჯვების დღის აღნიშვნა, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში გაგრძელდა, სადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ვეტერანები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ვეტერანთა კავშირის ინიციატივითა და თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ეს ღონისძიება მიძღვნილია დიდი სამამულო ომის დამთავრების 66-ე წლისთავისადმი. დაახლოებით 800 ვეტერანი ესწრება ამ ფორუმს. დღეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას ამ ხალხის დამსახურებას. ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ჩვენი წარსულის შესახებ; საიდან მოვდივართ, რა გმირული ბრძოლებით დავამთავრეთ ჩვენი ცხოვრება და მომავალი გადაიბარონ.

ეს ღონისძიებ საქართველოს ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანა კავშირის ინიციატივით ჩატარდა. მის ორგანიზებაში დახმარება გაგვიწია თბილისის მერიამ, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჯანდაცვის სამინისტრო. თითქმის ყველა ორგანო არის ჩართული და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ხელი შეგვიწყვეს ამ ღონისძიების ჩატარებაში“, – აღნიშნა საქინფორმთან საუბრისას საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ვეტერანთა კავშირის დირექტორის მოადგილე რეზო ნასარიშვილმა.

როგორც ყოველთვის, ვეტერანები ამჯერადაც თვალცრემლიანნი იხსენებდნენ საკუთარ წარსულს:

გიორგი წულაია ვეტერანი: „დღეს ჩვენი დღეა და მე ამაყობ, რომ ვიბრძოდი სამამულო ომში. უკვე 66 წელი გავიდა, მაგრამ ის ემოცია, რაც ომში გამარჯვებას მოჰყვა, თითოეული ვეტერნის გულში არ ნელდება. ახლაც ისევე განვიცდი ამ სიხარულს, როგორც მაშინ, 66 წლის წინათ. ყოველწლიურად თანდათან უფრო ცოტანი ვრჩებით, და მე ვისურვებდი, რომ ჩვენ მერე აღარავინ ყოფილიყო ომის ვეტერანი. ომი საშინელებაა და არ მინდა, ჩვენმა მომავალმა თაობამ ეს კიდევ ნახოს“.

მოსე მდინარაძე – ვეტერანი: მე ვიბრძოდი სამამულო ომში. ჩემთვის ეს არასდროს იქნება მეორე მსოფლიო ომი, რადგან ჩემთვის და ყველა ქართველისთვის, ვინც ფრონტზე იბრძოდა, საფიცარი იყო საქართველო და ჩვენ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს. ყველა ჩემს თანამებრძოლს მივულოცავ ამ დღეს. ყველა, ვინც სამამულო ომში ტყვიას გადაურჩა, ამ დღეს მეორედ დაიბადა და ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა“.

მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი იბრძოდა, მათგან 300 ათასი ბრძოლის ველზე დაიღუპა. დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების რიცხვი დაახლოებით 5 ათასს აღწევს, მათგან 1348 თბილისის მცხოვრებია, რომლებმაც დედაქალაქის მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს 200 ლარის ოდენობით.

 

სპეციალურად საქინფორმისთვის