პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძემ რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, შუა აზიის ქვეყნები და ისრაელი არაცივილიზებულ ქვეყნებად აღიარა!

new3-აი სულ ვფიქრობ: ასე მკვეთრად რატომ შევიცვალეთ?

ტაქსის მძღოლი აშკარად ფილოსოფიური საუბრის გუნებაზე იყო.

-ახლა სულ სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს, - განაგრძო და როცა სიტყვა „მენტალიტეტზე“, ჩემი გაკვირვებული რეაქცია შენიშნა, განმარტა:

-გგონიათ ყოველთვის საჭეს ვატრიალებდი? სპეციალობით გეოლოგი ვარ, თუმცა ამჟამად აღარ ვმუშაობ. თუმცა, თემას მივუბრუნდები: რატომაა, რომ ეს მხიარული, მოსიყვარულე, ტაქტიანი, სტუმართმოყვარე ხალხი ლამისაა მონსტრებად გადავიქცეთ, რომლებიც გარშემომყოფებს ჩვენი ამბიციურობით, კატეგორიულობით, შეუწყნარებლობით ვაშინებთ. არაფერს ვპატიობთ. ოპონენტებს ვლანძღავთ, ვაშინებთ... ეს ყველაფერი არასწორია. ალბათ, სიღარიბემ და ურიცხვმა პრობლემამ გაგვაბოროტა. დავივიწყეთ ეროვნული წეს-ჩვეულებები, წინაპართა ცხოვრების წესი, ფასეულობები. „ძაღლური“ ცხოვრება დაგვიდგა, ჰოდა, „ვიკბინებით“.

უსმინეთ, რა თქვა ვაშაძემ გამარჯვების პარკში? მოვიდა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ძეგლის გვირგვინებით შესამკობად და რაღა საჭირო იყო ასეთ საზეიმო მომენტში მეზობლის წაკბენა და ვითარების უფრო მეტად დაძაბვა? არ მესმის...

არც მე მესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს „ძაღლური ცხოვრებისგან“ არ მოსვლია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენგან განსხვავებით, ალბათ ადამიანური ცხოვრება აქვს. უბრალოდ, დაავიწყდა, რომ დიპლომატიის ენამ ყველაზე მკვეთრი აზრიც კი ზრდილობის ფორმით უნდა შემოსოს; რომ დიპლომატი, ნობელის პრემიის ლაურეატის, ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო’ნილის აზრით, ესაა ადამიანი, რომელმაც პოლიტიკოსთა დაფდაფების ბრძოლა არფის ბგერებად უნდა აქციოს...

მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს არფას დოლი ურჩევნია... ფუჭად ნათქვამი რომ არ გამომივიდეს, რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან მისი გამოსვლიდან, რომლებმაც უკვე მთელი მედია შემოიარა.

მაშ, ასე, 8 მაისს, გამარჯვების დღის წინადღეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უქმე დღედ გამოცხადდა და შესაბამისად, ოფიციალურად აღიარეს დღესასწაულად, ვაკეში უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსების წარმომადგენლებისა და ვეტერანების წინაშე მინისტრი გამოვიდა ინიციატივით: დღეიდან გამარჯვების დღე ქვეყანამ არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს უნდა აღნიშნოს, როგორც ეს ევროპასა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული. თავისი წინადადება მან ასე დაასაბუთა: „რუსეთი, როგორც ყოველთვის, სეპარატისტულად აღნიშნავს ამ დღეს და ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობს. ესაა დღე, როცა კაცობრიობა ცივილიზაციის გამარჯვებას ზეიმობს წყვდიადზე, ადამიანის გამარჯვებას ფაშიზმზე, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მის მიერ შექმნილ ყველაზე დიდ სიმახინჯეზე“. და ძალიან წუხს, რომ ფაშიზმთან მებრძოლთა შვილიშვილებმა ფაშისტური მეთოდები გადაიღეს და ეთნიკური წმენდის ჩატარებით, სახლებიდან გააძევეს 400.000 საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ჯერ ყველაფერი დაკარგული როდია, მინისტრი იმედოვნებს, რომ „უახლოეს მომავალში, როცა რუსეთში ნორმალური ხელისუფლება იქნება და რუსეთიც დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავთ ერთად ამ დღესასწაულს“.

შემდეგ - უფრო უარესი. გრიგოლ ვაშაძეს გული მოუვიდა რუსეთის პრეზიდენტზე, რომელმაც ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა.

„რუსეთის ხელმძღვანელობის კლოუნადას საზღვარი არა აქვს. ნებისმიერ სასურველ ფორმაში შეიძლება იყო კლოუნი“, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ვაშაძემ მილოცვასთან დაკავშირებით და იქაურობა დატოვა.

დიპლომატებს, ბუნებრივია, გაოცება არ გამოუხატავთ მოსმენილის გამო, - ამიტომაც ჰქვიათ დიპლომატები, რომლებიც, ჩერჩილის სიტყვებით, ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ არაფერს იტყვიან. თუმცა, გულში ალბათ გაივლეს, რა „ემოციური კოლეგა“ გვყოლიაო.

დიპლომატი არ გახლავართ და ამიტომ მოსმენილის გამო გაოცებას ვერ დავფარავ. დავიწყებ იქიდან, რაც ყველასთვის ცნობილია: გამარჯვების დღეს რუსეთი ევროპაზე გვიან რომ აღნიშნავს, დროის სარტყელია „დამნაშავე“. გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ხელი 8 მაისს მოეწერა, ცენტრალური ევროპის დროით 22:45-ზე, როცა მოსკოვში, ისევე, როგორც თბილისში, უკვე 9 მაისი იყო! ასე რომ, ქრონოლოგიურად ყველაფერი სწორია. მაგრამ, გაცხარებულმა ვაშაძემ იოლად და დაუფიქრებლად შეიტანა არაცივილიზებული ქვეყნების ნუსხაში არა მარტო რუსეთი, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვებას ასევე 9 მაისს აღნიშნავენ - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, შუა აზიის ქვეყნები, ისრაელი...

შემთხვევით არ მომხდარა, რომ პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება გ. ვაშაძის ინიციატივაზე: „ამა თუ იმ მოვლენის აღსანიშნავი დღის განსაზღვრა ისტორიკოსთა და არა პოლიტიკოსთა საქმეა... დაე, ეს საკითხი ისტორიკოსებმა გადაწყვიტონ. ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ აქ შეკრებილი ვეტერანები გამარჯვების დღედ სწორედ 9 მაისს აღიქვამენ და ამიტომაც მოვედი დღეს“.

 

გივი ბაქრაძე,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“