სამართალი
სამუდამო დისკვალიფიკაცია ფეხბურთელებს
ssfსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამო, ხუთივე ფეხბურთელს – გიგა ბეჭვაიას („ვიტ ჯორჯია“), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე „ბაია“), სპარტაკ გოგიასა და კახაბერ კირთაძეს (ორივე „სამტრედია“) სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ.
სფფ-ის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ აღმასკომმა საკმაოდ რთული და ძნელი გადაწყვეტილება მიიღო. „გადაწყვეტილება ძნელი მისაღები იყო. ხმები 8/9-ზე გაიყო. 8 წევრი აცხადებდა, რომ ამ ფეხბურთელებისთვის 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიგვეცა, 9 წევრი კი სამუდამოს ითხოვდა. გადაწყვეტილება შესაბამისად იქნა გამოტანილი, გვაქვს წესდება, სადაც წერია, რომ ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელები სამუდამოდ ემშვიდობებიან ფეხბურთს“.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, სიჭინავას თქმით, მათ არ აქვთ კონკრეტული ფაქტები და ამიტომ მხოლოდ ეს ხუთი ფეხბურთელი დაისაჯა. რაც შეეხება კლუბებს, სფფ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ამაზე და, შესაბამისად, სანქციებს ვერ დააწესებდნენ.
„ეს ფეხბურთელები საქართველოში ვეღარ ითამაშებენ ფეხბურთს, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ მოღვაწეობას, ყველა მათგანს თან ჩვენი ფედერაციის წერილი გაჰყვება და თუ ვინმე აიყვანს გუნდში, ვერ გეტყვით. ქართული ფეხბურთიდან კი ყველა მათგანი მოკვეთილია“.