რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მებრალებიან ამერიკის პრეზიდენტები!

    მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ შვეიცარიაში პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის შესახებ. გუშინ სირცხვილითა და ბრაზით დავიწვი, რადგან ვერ დავიცავი ბაიდენი ამერიკელი კოლეგებისგან! ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდეც ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ დასცინოდნენ თავიანთ პრეზიდენტს, რომ მას ფეხი დაუცდებოდა და დაეცემოდა, ან სისულელეებს იტყოდა და პუტინი მას "კისერს მოუგრეხდა". სირცხვილი! რა ოჯახებში აღიზარდნენ ამერიკელი ჟურნალისტები, ნუთუ მშობლებმა ასწავლეს უფროსების დაცინვა?! რუსი ჟურნალისტები შოკირებული იყვნენ მათი ამერიკელი კოლეგების საქციელით - როგორ ყვიროდნენ, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს და დაცვას ხელს კრავდნენ, უცერემონიოდ იქცეოდნენ, ნუთუ ეს დემოკრატიაა?! ამერიკელმა ჟურნალისტებმა ყველაზე მეტად კითხვები დაუსვეს პუტინს, რომელმაც მოთმინებით უპასუხა ყველას, ბაიდენმა კი პრესკონფერენცია ნახევარ საათში დაასრულა, მაგრამ ამერიკელმა ჟურნალისტებმა მაშინვე შეუტიეს - აქაოდა, რატომ იყო გაწონასწორებული და არა აგრესიული! პუტინმა აღიარა, რომ ბაიდენი არის დიდი პროფესიონალი, დახვეწილი დიპლომატი, რომელიც ასაკის მიუხედავად, არაფერს ივიწყებს, ამიტომ იმიჯი, რომელიც ამერიკულმა მედიამ შეუქმნა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს სიტყვები პუტინისა და ბაიდენსადმი პატივისცემას აღძრავს. მაგრამ რატომ არ სცემენ პატივს ამ გამოცდილებით დაბრძენებულ კაცს, აშშ–ის პრეზიდენტს საკუთარი თანამემამულეები, რომლებიც შვილიშვილებად შეეფერებიან?! 78 წლის კაცმა საერთაშორისო ფორუმებზე სიტყვით გამოსვლების სერიის შემდეგ ძალ–ღონე გამონახა შვეიცარიაში გასაფრენად და თავის ნომერ პირველ ოპონენტთან შესახვედრად, რომელთაც შეხვედრისთვისაც ნამდვილად მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა, დედამისთან საუბრის დროსაც კი! ბაიდენისთვის პუტინთან შეხვედრას ეგზისტენციალური მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ორი იდეოლოგიის შეხვედრა იყო და მთავარმა ამერიკელმა ის მოაწყო საკუთარი ინიციატივით, რადგან გულწრფელად სურდა რუსი კოლეგის გაგება. ბაიდენმა დაურეკა პუტინს და შესთავაზა შეხვედრა, რადგან სურდა გაეგო, ბოლოსდაბოლოს, ვისთან ჰქონდა საქმე - მკვლელთან, თუ კარგ ბიჭთან, თუმცა არა ამერიკელების მსგავსთან. მაშ რა გასაკვირია, რომ ბაიდენს პრესკონფერენციის დროს დასცხა და პიჯაკი გაიხადა?! ეს ორივესთვის ცხელი დღე იყო, როგორც პირდაპირი გაგებით, ისე გადატანითი მნიშვნელობით, პიჯაკი პუტინმაც გაიხადა „აურუსში“ ჩაჯდომისას! გასაკვირი სხვა რამ იყო – რომ კაციშვილმა არ მიირბინა ასაკოვანი პრეზიდენტის პიჯაკის გამოსართმევად და ბაიდენი, რომელიც ერთი წუთით შეყოყმანდა, იძულებული გახდა პიჯაკი მიწაზე დაედო! აქ მთელი ჩემი ოჯახი საშინლად აღშფოთდა (ერთად ვუყურებდით ტელევიზორს): "ნუთუ იქ არავინ არის, რომ კაცს პიჯაკი გამოართვას?!" - წამოიძახა ჩემმა მეუღლემ. მეგობრებო, არ ვიცი - ნუთუ იმიტომ, რომ ემოციური ქართველი ვარ, მაგრამ რა შუაშია ქართველობა - ნუთუ ნორმალურ ოჯახში გაზრდილი ნებისმიერი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს?! არ ვიცი, ასწავლიან თუ არა ახლა მშობლები შვილებს, პატივი სცენ უფროსებს, დაეხმარონ მათ ქუჩაში და ადგილი დაუთმონ ტრანსპორტში, როგორც გვასწავლიდნენ საბჭოთა კავშირში - სახლშიც და სკოლაშიც?! და განა აუცილებელია ასეთი ელემენტარული რამეების სწავლება?! თუნდაც არ ასწავლიდნენ, ხომ არსებობს კულტურა, გარკვეული ეტიკეტი, სული, რომელიც თვალებში ჩანს?! თუმცა, რა წესიერებაზე ვსაუბრობ, როდესაც ბაიდენის წინამორბედს, მისი პრეზიდენტობის ყოველ დღეს რუსეთის მარიონეტად და კრემლის ხელდასხმულად აბულინგებდნენ...

სიმართლე გითხრათ, გუშინ პირველად გულწრფელად შემებრალნენ ამერიკის პრეზიდენტები!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

საქართველო, თბილისი.
2021 წლის 17 ივნისი