აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-მაისში

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 21 ივნისის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 18.2%-ით გაიზარდა და 5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა 24.4%-ით -1.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი – 15.7%-ით, 3.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7%-ია.

2021 წლის იანვარ-მაისში 758.1 მლნ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 598.7 მლნ, 552 მლნ, 408.1 მლნ და 277.2 მლნ აშშ დოლარით.

262.5 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 205.3 მლნ, 195.6 მლნ, 133.3 მლნ და 116.9 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 624.8 მლნ, 393.4 მლნ, 289.6 მლნ, 224.9 მლნ და 212.6 აშშ დოლარით.