პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ანტალიაში ვიზიტი დაასრულა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი 18 ივნისს თურქეთს ესტუმრა, სადაც იგი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს დაესწრო, რომელზეც პოლიტიკურმა ლიდერებმა, დიპლომატებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 18-19 ივნისის ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური ფორუმის სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე რეგიონში მიმდინარე პროცესებში საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების – აშშ-ის, ევროკავშირის და თურქეთის სახით აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის დემონსტრირებისა, ასევე პოზიტიური სიგნალებისა რომ საქართველო მზად არის დეესკალაციისთვის, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავაც გრძელდება“, – თქვა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ძირითადი მიმართულებებით „რაიმე სახის გარღვევა“ არ შეინიშნება.

18 ივნისს, დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა, რომელთანაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი „მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო“ განიხილა.