პოლიტიკა
ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თურქეთში იმყოფება

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ლევანი თურქეთში იმყოფება კვლევებზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მიზეზების დასადგენად გადაფრინდა თურქეთში, რაც ვერ მოხერხდა აქ და მოსკოვში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბარში პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ წევრმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლო მოწამვლაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი, არასერიოზულია.

„ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი მტკიცებითი ფორმით, ეს ძალიან მძიმე რამ არის, ვერც ლევანი ვერაფერს იტყვის, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მტკიცებულებების გარეშე საუბარი არასერიოზულია. მე, მაგალითად ასეთი რაღაც ვერ წარმომიდგენია. მაშინ, მთელი სურათი იცვლება და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აქ არსებობს ისეთი ტიპის სახელმწიფო, არ მაქვს ასეთი შეხედულება, არ მჯერა და ვერ ვიჯერებ ასეთ რამეს, თუ მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა მანჯავიძემ.

ამასთან, სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კორონავირუსს არ უკავშირდება.

„დიაგნოზი ვერ დაისვა, ჰქონდა გაძნელებული სუნთქვა, ფილტვების ცუდი მუშაობა და ასე შემდეგ. არ უკავშირდება ეს კორონავირუსს, რამდენჯერმე გაიარა ტესტირება. რამდენიმე თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს და დიაგნოზი ვერ ისმევა, მედიას, ბუნებრივია უჩნდება კითხვები“, – განაცხადა მანჯავიძემ.