აქტუალური
ლაშა დარსალია - რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ რაუნდზეც მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება.

როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ამ საკითხების ხაზგასმა. რაც მთავრია, ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. ხვალაც მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა.

ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებისთვის ხელისუფლება იყენებს ყველა მექანიზმს.

პროცესის დასრულებამდე მე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკმაოდ მძიმე ფონია. რაც მთავარია, აქ ჩართულია ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პარტნიორების აქტიურობა. საქართველო მარტო არ ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ხაზი უნდა გავუსუვა, რომ რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ამძიმებს ფონს და ყველა ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას“, – აღნიშნა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება.