აქტუალური
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მლნ ევროს სესხი გამოუყო

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს მთავრობას 106.7 მლნ ევროს სესხი გამოუყო. კერძოდ, ბანკი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს კავშირებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი – ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე – რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინვესტიცია „ემატება იმ 170 მლნ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“.