აქტუალური
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.