აქტუალური
თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანში, ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან ელდარ აზიზოვთან შეხვედრისას განაცხადა, მემორანდუმის გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, ამჟამად თბილისი 20 ქალაქთანაა დაძმობილებული.

„ბაქო თბილისისთვის 21-ე დაძმობილებული ქალაქი გახდება. ეს დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, აზიზოვმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიდი ხნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ.

„დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მრავალ სფეროში ვითარდება. ორმხრივი ვიზიტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ელდარ აზიზოვმა.

თბილისი და ბაქო 1997 წლიდან არიან პარტნიორი ქალაქები.