დევნილთა უფლებები, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმების გამოუძიებელი ფაქტები, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები იმ თემებს შორის მოხვდა, რომლებზეც საუბარია „Amnesty International“-ის ყოველწლიური ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ეფექტიანად ვერ გამოიძია“ 2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარებული სამი ოსი მამაკაცის ბედი. დოკუმენტში 2010 წლის ივლისში ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის ფაქტიც არის ნახსენები.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, დევნილთა საცხოვრებლისა და მათი ინტეგრაციის პრობლემების მოგვარება კვლავ „არასაკმარის“ დონეზე ხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა რამდენიმე განახლებული კოლექტიური ცენტრი და ახლად აშენებული დასახლება ადეკვატური საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ 2010 წლის ზაფხულში 500-მდე დევნილის თბილისში არსებული დრობითი საცხოვრებლებიდან იძულებითი გამოსახლებით საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2009 წლის აქციების დროს პოლიციისა და უცნობი ჯგუფების მიერ მომიტინგეთა დევნისა და თავდასხმების ფაქტების გამოძიება შეფერხებულია. ანგარიშში, ასევე, საუბარია იმ შეშფოთებაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა ზოგიერთი დამცველი 2010 წლის სექტემბერში პოლიციისთვის ე.წ. შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გამოთქვამდა.