საზოგადოება
საკანონმდებლო ინიციატივა წვევამდელებთან დაკავშირებით

wvevamdelebiფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევთა ასაკის გაზრდას უკავშირდება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“. „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, იუსტიციის  საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს, რომლის მიხედვით, ცვლილებები შედის კანონში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, წვევამდელის მინიმალური ასაკი – 18 წელი იზრდება 20 წლამდე.

როგორც ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, განათლების სფეროში უკვე განხორციელებული რეფორმის შედეგად, ახალგაზრდები სკოლას 18 წლის ასაკში ამთავრებენ და მაშინვე ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, რაც ბევრ მათგანს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებაში ხელს უშლის.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი, წვევამდელის მინიმალური ასაკის გაზრდა, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, სამხედრო ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მოსაზრებითაცაა განპირობებული, კერძოდ, 18 წლის ახალგაზრდები სამხედრო სამსახურისათვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებული არ არიან. მისივე თქმით, ასაკის გაზრდა არანაირ პრობლემას არ შექმნის,  ვინაიდან რეალურად წვევამდელთა რიცხვი გასაწვევთა საერთო რაოდენობასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ფრაქციის თანამშრომლობა ასოციაციასთან – „სამართალი და თავისუფლება“, მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან იგეგმება სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობაც.