პოლიტიკა
კელი დეგნანი - სანქციები არსებული ბევრი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთია

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და საელჩომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები დაგმეს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 16 ივლისს განაცხადა, რომ „სანქციები არსებული ბევრი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთია“.

ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ფართო და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე პროცესი შეეჩერებინათ, მოსამართლეთა დანიშვნები მაინც გაგრძელდა.

დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები „სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ უნდა მოხდეს მათი, როგორც ნაჩქარევის უგულებელყოფა“. მას მხედველობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 14 ივლისის განცხადება ჰქონდა, რომლის თქმითაც „საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს“.

კობახიძემ ეს მას შემდეგ თქვა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა მას აშშ-ის ელჩის განცხადების შეფასება სთხოვა. ამ უკანასკნელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის დროს ნაკლები „გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ გააკრიტიკა.