აქტუალური
საქართველოზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ 19 ქვეყანაში დაფიქსირდა

inflationXსაერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველო 165-ე ადგილზეა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა. საქართველოს ჩამორჩება იამაიკა, ნიგერია, ვიეტნამი, უზბეკეთი, იემენი, პაკისტანი, ანგოლა, მოზამბიკი და სხვა.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენ ზემოთ მდგომ 164 ქვეყანას უფრო ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, ვიდრე საქართველოს. აღნიშნული 164 ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებმა უფრო ზუსტად და კომპეტენტურად შეაფასეს ინფლაციის გამომწვევი მიზეზი – ინფლაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, გაზრდილი ფულის მასაა.

საქართველოში ინფლაციას ხშირად გარეფაქტორებს, ძირითადად, ხორბლისა და ენერგომატარებლების გაძვირებას აბრალებენ, თუმცა სავალუტო ფონდის მონაცემებიდან ირკვევა და ექსპერტებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდება და მისი მხოლოდ საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება არ არის მართებული.