საზოგადოება
რატომ დადის კოკო გამსახურდია ვანო მერაბიშვილის მანქანით

merab-gamsaxლადო სადღობელაშვილმა და სანდრო ბრეგაძემ გასული წლის ივნისში კონსტანტინე გამსახურდიას პარტია „თავისუფლება“ დატოვეს. მათ პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე არაერთხელ ისაუბრეს, რასაც პარტია „თავისუფლების“ ლიდერის აღშფოთება მოჰყვა.

როგორც ამავე პარტიის ყოფილი წევრი, ამჟამად მოძრაობა „მამული, ენა,სარწმუნოების“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საქინფორმთან საუბარში ამბობს, კონსტანტინე გამსახურდია მის დაპატიმრებას პირადად ვანო მერაბიშვილს სთხოვს.

ლადო სადღობელაშვილი: „კოკო გამსახურდიას საპარლამენტო მოღვაწეობა არასდროს შეესაბამებოდა იმ ეგრეთ წოდებულ ვალდებულებას, რომელიც მან პარლამენტში შესვლის დროს აიღო თავის თავზე. საქმე ეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების გამოძიებას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ კოკოს გაჩინოვნიკების შემდეგ მისი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ აბსოლუტურად შეიცვალა. ეს ჩანდა მის არაერთ საეჭვო განცხადებაში, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ქუჩის აქციებში. მისმა გადახრამ ხელისუფლებისკენ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ცოტნე გამსახურდიას დაკავებაზეც კი ვერ ან არ ამოიღო ხმა. სხვათაშორის, ცოტნე გამსახურდიამ მას ციხიდან წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა სტრასბურგში პრესკონფერენციის ჩატარებას მისი გათავისუფლების თაობაზე, თუმცა ბატონმა კოკომ ეს კონფერენცია არ ჩაატარა და მიზეზად უსახსრობა დაუსახელა. კონფერენცია 2000-3000 ევრო ჯდებოდა და მას ეს თანხა არ აღმოაჩნდა“.

– თქვენთან ერთად პარტია „თავისუფლება“ სანდრო ბრეგაძემაც დატოვა...

– პარტია დატოვეს სანდრო ბრეგაძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა. სხვათაშორის, სანდროს წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს ამბავი იყო, თუმცა პარტიაში განხეთქილების მიზეზი მხოლოდ ესარ ყოფილა; მძაფრად შეიმჩნეოდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ტენდენციები. მაგალითად, ადგილობრივი არჩევნების შემდგომ მისი ცოლის ძმის, კარლო ბარდაველიძის, დანიშვნა კონტროლის პალატაში, ასევე, პარტიის მუშაკის, კრიმინალური პიროვნება მალხაზ გორგასლიძის ფიქტიური დანიშვნა მარეგულირებელ კომისიაში ქუთაისში 2000-ლარიანი ხელფასით, მაშინ, როცა ეს პიროვნება ქუთაისში სულ ორჯერაა ნამყოფი.

ჩემი ინფორმაციით, ამ ხელფასის ნახევარიც კოკოს ჯიბეში მიდიოდა. ასევე, მისი არჩევნებში მონაწილეობა, გამიზნული დამარცხება და „კარდაკარის“ 100 000 ლარის ჩაჯიბვა. მოვითხოვ, რომ ეს ფაქტი გამოძიებულ იქნეს და დაანგარიშდეს კერძო აუდიტით. თუ ასე არ არის, რასაც ვამბობ, მაშინ მიჩივლოს ცილისწამებისთვის. გარწმუნებთ, რომ ყველაფრის დამტკიცება შემიძლია. ეს არის კორუფციული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უნდა დაისაჯოს. მინდა, საზოგადოებას ისიც ვუთხრა, რომ ყოველწლიურად პარტია „თავისუფლებას“ 70 000 ლარი ერიცხება, რომელიც მხოლოდ კოკოზე იხარჯება.

– ანუ ის ამ ფულს არა პარტიის ხარჯებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის იყენებს?

– ეს თანხა, წესით, უნდა მოხმარდეს პარტიის განვითარებას. აბა, მითხარით, რომელ განვითარებასა და სრულყოფაზეა ლაპარაკი, როცა ამ პარტიაში სულ 5 კაცია, არ აქვთ ოფისი და არანაირი ხარჯი... სად მიდის ეს ფული, თუ არა კოკოს ჯიბეში?

პირდაპირ ვაცხადებ, რომ კოკო ბატონს პარლამენტის 317-ე და 318-ე ოთახებში გახსნილი აქვს ფულის კეთებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩინოვნიკებთან სამათხოვრო ჯიხური, დიახაც, სამათხოვრო! და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მისი ხვეწნა-მუდარა შვეიცარიაში ან ავსტრიაში ელჩობაა. ყოველივე ჩემ მიერ თქმულისა და მისი უმსგავსობის ფარდის ახდის შემდეგ ბატონი კონსტანტინე დაიბოღმა და არაერთხელ სცადა კიდეც სამაგიეროს გადახდა.

მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პირადად სთხოვდა ვანო მერაბიშვილს ჩემს დაპატიმრებას, შემდეგ კი თავისი ხელისბიჭის, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლუკა მაჭუტაძის დახმარებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში განცხადება დაწერეს ჩემ საწინააღმდეგოდ. სხვათაშორის, ამავე ლუკას დახმარებით პარტიის არაერთი წევრისთვის, კერძოდ, მიხეილ ამისულაშვილისთვისაც მოუწყვიათ პროვოკაცია, რომელმაც ჩემთან ერთად დატოვა ეს პარტია.

არ ეკადრება დიდი კონსტანტინესა და ზვიადის შთამომავალს მსგავსი კაცთგაწირვა, თუმცა რა გასაკვირია, ამ პიროვნებამ საკუთარი ძმის – ცოტნე გამსახურდიასა და მეგობრის – სანდრო ბრეგაძის გათავისუფლების წერილის მოთხოვნასაც არ მოაწერა ხელი.

– ლადო, არაერთი ლანჩხუთელის თქმით, ლელოზე – თამაშზე ლანჩხუთსა და შუხუთის საზღვარზე, რომელიც, ტრადიციულად, აღდგომა დღეს იმართება, კონსტანტინე გამსახურდია ვანო მერაბიშვილთან ერთად მისულა და მთელი თამაშის განმავლობაში გვერდიგვერდაც მსხდარან. რას გვეტყვით ამის შესახებ?

– არაფერი მიკვირს, რადგან ეგ პარტია, თავის ლიდერთან ერთად, არის წითელი, რომელსაც არც სინდისი აქვს და არც ნამუსი.

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“