პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა და მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა, თუმცა, ერთობლივად შემუშავებულია გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქართულ ჯარს.

„როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ მქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმ დროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტია და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარების. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და ექვსი თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.