პუბლიკაციები
"აიისამ" საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა "აიისას" საქმეში - პრეზერვატივების მწარმოებელი სტარტაპის დამფუძნებელმა ანი გაჩეჩილაძემ, რომლის უფლებებსაც GDI იცავდა, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.

დავა შეეხებოდა საქართველოში "აიისას"-თვის დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, შეურაცხყოფდა რელიგიას.

2018 წელს "აიისა"-ს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა იდეამ", რონელიც მიიჩნევდა, რომ "აიისას" პროდუქციაზე დატანილი 4 გამოსახულება, რომელთა შორის იყო თამარ მეფე წარწერით "სამეფო კარი თამარში", ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი და გვირგვინი წარწერით "ძლევაი საკვირველი" არაეთიკური იყო, უფრო კონკრეტულად კი "რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევდა და რელიგიურ სიმბოლოებს ხელყოფდა, ასევე, [პრეზერვატივის] რეკლამები თავისი წარწერებითა და გამოსახულებებით ხელყოფდა ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს."

2018 წელს საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება "აიისამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ლევან მურუსიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2018 წლის დეკემბერში მოსამართლე ლევან მურუსიძე ამ საქმეზე კითხვის პასუხად ამბობდა, რომ, თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოხატვა გამოხატვის თავისუფლება არ არის. მოგვიანებით, "აიისას" პროდუქციაზე ლევან მურუსიძეც გამოჩნდა.

სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ქართული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.

„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“,- აღნიშნავს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

სარჩელის სტრასბურგში განხილვამდე, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვად შეაფასა "აიისას" საქმეზე ქართული სასამართლოების მიღებული გადაწყვეტილებები ომბუდსმენმაც.

"გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება ძირითადად იმ არგუმენტაციას დაეფუძნოს, რომ რელიგიური თუ ისტორიული სიმბოლოები და ფრაზები შეუფერებელი კონტექსტით გამოიყენება", - წერდა სახალხო დამცველი 2019 წლის ანგარიშში.

რადიო თავისუფლება