აქტუალური
გიორგი გახარია - არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას.

გახარიამ აღნიშნა, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს.

„თბილისის მერზე ან მერობის კანდიდატზე როცა ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონული არჩევნების ჭრილშიც. თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს პარტიული სტრუქტურების შექმნა, ასევე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამიტომ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, თავად იყაროს კენჭი ან კანდიდატად დაასახელონ აჩი არველაძე, გახარიამ განაცხადა: „მესმის, სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი; იმ მიზნის მისაღწევად, რომ დავაღწიოთ როგორმე ამ მოჯადოებულ წრეს თავი. არ მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, უმრავლესობას არ მოსწონს ის ქაოსი, რაც დღეს ხდება, ის ლანძღვა-გინება, ცემა-ტყეპა. ყოველთვის ვამბობდი, რომქართული პოლიტიკა სამწუხაროდ დაიცალა შინაარსისგან და ახლა უკვე მოქალაქეების ინტერესისგანაც დაიცალა. ამიტომ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჯერ საქართველოს მოქალაქე უნდა დავაბრუნოთ ცენტრში და შემდეგ შინაარსიც უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მათმა პარტიამ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას მერობის კანდიდატურა დედაქალაქში, გახარიამ განაცხადა: „არ ვუშვებ ასეთ ალბათობას“.

გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ეყოლება მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ქალაქის და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის „არა ისეთ რეჟიმში, როგორც ახლა ხდება, ლანძღვა-გინებითა და ბოროტებით, დაბრალებით“.