პოლიტიკა
დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება!

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, თუმცა ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომლებიც საქართველოს სჭირდება.

„ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდ არის აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება გავიდეს ამ შეთანხმებიდან. ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომლებიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურის და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ცალმხრივი რეფორმები არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება.

„საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას შეძლებს ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება დარჩება ძალაში და კვლავ იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ქართველ ლიდერებს სჭირდებათ აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად. ფოკუსი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ და შეთანხმების ყველა ხელმომწერის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მათ დადეს პირობა, რომ შეასრულებენ ამ შეთანხმებას კეთილსინდისიერად და უნდა გააგრძელონ ამის კეთება. ჩემი აზრით, სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვიხილავთ ამ შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ნაკლებობას. კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, – განაცხადა დეგნანმა.