საზოგადოება
ანატოლი მილჩენკო ფეხბურთის მსაჯებს მოამზადებს

milCenko---qiriaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ფეხბურთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ანატოლი მილჩენკომ სამეგრელოს რეგიონის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელებთან თათბირი ჩაატარა. იგი მოხსენებით გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფეხბურთის ახალგაზრდა მსაჯების მომზადებასა და მათი ქართულ ფეხბურთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას იდეაა, რომ შეიქმნას საქართველოს ფეხბურთის მსაჯთა აკადემია, რომელიც, გარდა მსაჯებისა, მოამზადებს მენეჯერებს, იურისტებს, მწვრთნელებს. ჩვენი სურვილია, სამეგრელოში დაარსდეს ამ აკადემიის ფილიალი. ამისთვის სამეგრელოს აქვს სათანადო რესურსი. აუცილებელია, მომზადდეს ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტი, ისინი უნდა მოვიძიოთ. კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩაერთვებიან გოგონებიც. ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს მსაჯთა ბრიგადები“, – აღნიშნა ანატოლი მილჩენკომ.

სოხუმის მკვიდრი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ფეხბურთში, ანატოლი მილჩენკო საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ძალისხმევით ისევ დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს. მას ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში რეგიონულ მსაჯთა კოლეგიის კურატორის თანამდებობა უკავია. სასიხარულოა, რომ უდიდესი გამოცდილების მქონე პიროვნება ახალგაზრდა მსაჯების მომზადების საკითხს ჩაუდგა სათავეში.