სამართალი
ვის უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილი

biZina-1სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, „მოიშოროს“ ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისგან ოპოზიციის მხარდაჭერის „თეორიულად“ მოსალოდნელი შესაძლო „ხიფათი“ თავიდან აიცილოს.

ამის შესახებ საუბარია ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში რაიმე როლის შესაძლო შესრულებაზე მიანიშნებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოდის.

„თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია. არსებობს, ასევე, სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას – საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც, შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართუ ჯგუფი“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „აპოლიტიკური ადამიანია“, რომელსაც „არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია“.

„მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ თვითონ პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? ხომ შესაძლებელია, რომ ნათელაშვილის მიერ ნახსენები 150 მილიონი ივანიშვილმა სწორედ აქეთ მიმართოს? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას“, – აცხადებს „ქართუ ჯგუფი“.

„სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს“.

„სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და, ასევე, დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების საპასუხოდ გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინათ ნათელაშვილმა, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრობას სთავაზობდა, თბილისში ბიძნესმენის სახლთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი“ მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მლნ დოლარით აფინანსებს, ასევე, იგი ამარაგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკით, ქიმიური და ელექტროიარაღით, რომლებიც შემდეგ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად გამოიყენება“.

„ქართუ ჯგუფი“ ამ განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმიანებს“.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არასოდეს დახმარებია“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

იმავე დროს, განცხადებაში ოპოზიციის განცხადებებზე დაყრდნობით საუბარია, რომ „ახლანდელი ხელისუფლება“ საქართველოში არსებულ „ძირითად სტრატეგიულ ბიზნესსა და ქართველ ბიზნესმენებს“ მთლიანად აკონტროლებს.

„თუ ეს მართლაც ასეა, თავს უფლება მივეცით და კონსულტაციისთვის მივმართეთ ეკონომიკურ ექსპერტებს, რამდენი შეიძლება იშოვოს სააკაშვილმა არსებული ბიზნესებისგან. მათი გათვლები ასეთია: სააკაშვილის ხელისუფლებას მსხვილი ბიზნესის გაკონტროლებით (ნავთობი, სატრანზიტო გადაზიდვები და სხვ.) თვეში, საშუალოდ, 30-40 მილიონის შოვნა შეუძლია, რაც წელიწადში, ასევე, დაახლოებით, შეიძლება 300-დან 400 მილიონამდე იყოს... ხოლო თუ ამას ნათელაშვილის ფანტაზიებსაც დავუმატებთ, ეს ციფრი, ალბათ, მილიარდამდეც გაიზრდება“.

„თუ სააკაშვილი მილიარდერია და იგი ივანიშვილის დაუხმარებლადაც წარმატებით ახერხებს პირადი ანგარიშების შევსებას ბიზნესის დატერორებით და რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ართმევს ქართულ ბიზნესს, მაშინ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება არ სჭირდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად“, – აცხადებს „ქართუ ჯგუფი“.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს. ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება. მასთან ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს გამოქვეყნდა რუსულ გაზეთ „ვედომოსტისთან“.

ჟურნალ „Forbes“-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.