საზოგადოება
სამტრედიაში „რადიკალების“ მხრიდან პროვოკაციის მცდელობა კრახით დასრულდა

sozar_subariროგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 მაისს „ქართულმა პარტიამ“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მომავალი „ქართული პარტიის“ მხარდამჭერთა ნაწილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სამტრედიაში გააჩერეს. ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების მიზეზი ის გახდა, რომ ავტობუსის მძღოლს, რომელსაც აქტივისტები ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა არ აღმოაჩნდა. სულ დაჯარიმდა რამდენიმე მძღოლი, რომელთაც გადასახდელ თანხას პარტია აუნაზღაურებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – სოზარ სუბარის, განცხადებით, ქუთაისის სამხარეო პოლიციის სამმართველოს, ვანისა და სამტრედიის პოლიციის განყოფილებებისა და სოდ-ის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გააჩერეს 8 ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლებითაც აქციის მონაწილეები ბრუნდებოდნენ. მისივე თქმით, „სოდ-ის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის წესებთან არაფერი ესაქმებათ. უმნიშვნელო დარღვევის გამო, რაც კანონმდებლობით 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, სამართალდამცველებმა მგზავრები წვიმაში გვიან ღამით ავტობუსიდან ჩამოყარეს“.

„პარტიის ლიდერები დროულად რომ არ მივსულიყავით შემთხვევის ადგილზე და პროტესტის ნიშნად ავტომაგისტრალი არ გადაგვეკეტა, „ქართული პარტიის“ მრავალ მხარდამჭერს დაუსახლებელ ადგილას დატოვებდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული პარტიისგან“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ჟურნალისტები, რომლებიც პარტიას აქციის გასაშუქებლად თბილისიდან გაჰყვნენ. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პარტიის მხარდამჭერების მიმართ საკმაო თავაზიანობით გამოირჩეოდნენ და მომხდარის პროვოცირება თავად პარტიის ლიდერებმა სცადეს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდნენ და მძღოლები მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. სამართალდამცველები სთხოვდნენ პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ და საკითხი მშვიდად გაერკვიათ, თუმცა სოზარ სუბარი ყვიროდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვსო და ავტობუსები შუა გზიდან არ გადააყვანინა. იმ მომენტში პროვოკაციის მცდელობა კიწმარიშვილისა და სუბარის მხრიდან უფრო იყო, ვიდრე სამართალდამცველების მხრიდან“, – განუცხადა საქინფორმს ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

როგორც ჩანს, ოქრუაშვილის პარტიის ლიდერებმა აქციის გაგრძელება იმერეთში გადაწყვიტეს და ანკესზე სამტრედიაში მომხდარი შემთხვევვის წამოგება სცადეს, თუმცა „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“ და თბილისში 15 მაისს, 05:00 საათზე, გაწბილებული დაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, სუბარმა საკითხის პოლიტიზება მაინც სცადა და მძღოლების მიერ წესების დარღვევის ფაქტი არასწორად გადმოსცა. სუბარის მტკიცებით, სამართალდამცველებმა მთელი კოლონა გააჩერეს, სინამდვილეში კი, მხოლოდ წესების დამრღვევ ერთადერთ მძღოლზე იყო საუბარი. დანარჩენი ავტობუსები, რომლებიც გაჩერებულს უკან მოჰყვებოდნენ, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გააჩერეს, რაც აუცილებელი ნამდვილად არ იყო, რადგან დაღლილ მხარდამჭერებს სახლებში მიეჩქარებოდათ.