უცხოეთი
საქართველო ავღანეთის შესახებ საერთაშორისო განცხადებას შეუერთდა

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო შეუერთდა 98 ქვეყნისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ ქვეყნის დატოვების მსურველთა უსაფრთხო გამგზავრებას ეხება.

ხელმომწერთა თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, „ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ ქვეყნის დატოვების მსურველი უცხოელი მოქალაქეებისა და ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას“.

ერთობლივი განცხადების თანახმად, „ავღანეთში ძალაუფლების მქონე და ხელისუფლებაში მყოფ პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვაზე, ასევე უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყონებლივ აღდგენაზე“. მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების მსურველებს ამის საშუალება უნდა მიეცეთ და გზები, აეროპორტები და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ღია უნდა დარჩეს.

„ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ დავეხმაროთ მათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიით გავრცელდა კადრები ქაბულის აეროპორტიდან, სადაც ქვეყნის დატოვების მსურველთა ნაკადი არ წყდება მას შემდეგ, რაც ისლამისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა თალიბანმა აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესის კვალდაკვალ მოკლე დროში თითქმის მთელი ქვეყანა აიღო.

დედაქალაქ ქაბულში შესვლა თალიბებმა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყეს და დღის ბოლოსთვის ქალაქი თითქმის უბრძოლველად სრულად დაიკავეს. ქვეყანა დატოვა დასავლეთის სახელმწიფოთაგან მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.

ქაბულის აეროპორტიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ასობით მოქალაქე ბორტზე ასვლას ცდილობს, ვინაიდან სახმელეთო საზღვრებს თალიბანი აკონტროლებს. გავრცელდა ინფორმაცია აეროპორტში ქაოსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევების შესახებაც.

civil.ge