უცხოეთი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირს არ უღიარებია „თალიბანი“, არც პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბოევიკებთან“

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ევროკომისიას არ უღიარებია „თალიბანი“ და არც პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აპირებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ავღანელი ლტოლვილების დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერა. მისი განმარტებით, ევროკავშირი მხარს უჭერს „თალიბანთან“ ტექნიკური სახის კონტაქტს, თუმცა არ აწარმოებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და არც მას აღიარებს.

ურსულა ფონ დერ ლეიენის განმარტებით, „თალიბანთან“ ოპერატიული კონტაქტი საჭიროა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

„ევროკავშირს არ უღიარებია „თალიბანი“, არც პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბოევიკებთან“. ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ "თალიბანის" სიტყვები, მაგრამ მათ ქცევებისა და ქმედებების მიხედვით შევაფასებთ“, - აღნიშნა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტი წინადადებით გამოდის მიმდინარე წელს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფილი 57 მილიონი ევრო გაიზარდოს. მისი თქმით, ევროკომისია მზად არის დაფინანსება გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილთა განსახლებას ეხმარებიან და გეგმავს მომავალ კვირაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასვას ლტოლვილთა განსახლების საკითხი.

interpressnews.ge