აქტუალური
გიორგი გახარია: ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავაბარებთ თმის ანალიზს

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

„რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ და „ოცნების“ „ბოსებმა“ განაცხადეს, რომ მათთვის ეს საკითხი უკვე დახურულია და ეს თემა ამოწურულია. ეს საკითხი ჩემთვის დახურული არაა და მხოლოდ ახლა ვიწყებ ამაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, შემოაგდო თემა და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანების ბრალდებაზე მუშაობს. შემდეგ ერთ-ერთ შენს პროპაგანდისტულ ტელევიზიაში გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს პრიმიტიული კითხვით - ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის სუს-ის მუშაობა და რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, პირველ რიგში იმიტომ, რომ პატივს ვცემ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს.

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, - განაცხადა გახარიამ.