სამართალი
"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას" - "ბილაინმა" მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. მობილური კავშირის ოპერატორმა "ბილაინმა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, განცხადებით უპასუხა.

კომპანია განცხადებაში უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ისინი თავისი აბონენტების მონაცემებს მესამე პირებს გადასცემს.

მათივე განცხადებით, კომპანიაში აბონენტთა მონაცემების დაცვის, უმაღლესი სტანდარტი აქვთ დანერგილი.

"განცხადება, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს, რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

ბილაინს, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტთა მონაცემების დაცვა „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც „ბილაინი“ მნიშვნელოვან ხარჯსაც იღებს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკზე დაწერა, რომ „რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას".

მისივე განცხადებით, დღეისათვის ამ კომპანიას მთლიანად აკონტროლებს რუსული ეფესბე (ФСБ - უშიშროების ფედერალური სამსახური).

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში Beeline Georgia-ს მობილური კავშირის ადგილობრივი ბაზრის 26% უჭირავს.