აქტუალური
ევროკავშირი ფარული მიყურადების საკითხზე „შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს“

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რადიო „თავისუფლება“ იტყობინება ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიაზე ფარული მიყურადება ძალიან სერიოზული საკითხია“.

ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“, – განაცხადა პიტერ სტანომ. „ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“, – დასძინა მან.

ქართული მედიის ინფორმაციით, ამას წინათ გავრცელებული ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელმაც ასევე იხილა გაჟონილი ფაილები, განაცხადა 15 სექტემბერს, რომ ერთ-ერთ ფაილში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან, სადაც ის 2020 წლის 9 ოქტომბერს დიპლომატების სასულიერო პირებთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს, ასევე მისი საუბარი ერთ-ერთ თანამშრომელთან, სადაც ისინი განიხილავენ პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას და საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია გაჟონილი მასალების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა. კარგად გვესმის, რომ ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება“, – აღნიშნა მან.