საზოგადოება
ეუთო-ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ.

2021 წლის 2 აგვისტოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ადგილებისა და პროპორციული სიების შერეული სისტემით. მაჟორიტარობის კანდიდატებმა უნდა მიიღონ ხმების 40 პროცენტზე მეტი, ხოლო მერობის კანდიდატებმა 50 პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხი კვირის განმავლობაში ჩატარდება მეორე ტური.

საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას. ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ხაზგასმულია, რომ ეს ცვლილებები ნაწილობრივ ეხებოდა ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, „თუმცა, ოდირის რამდენიმე წინა რეკომენდაცია უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით“.

შუალედურ ანგარიშში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ არჩევნებს მართავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, 73 საოლქო საარჩევნო კომისია და 3 664 რეგულარული საუბნო საარჩევნო კომისია.

„ბოლო ცვლილებების შედეგად, საარჩევნო კომისიები ყველა დონეზე ახლა 17 წევრისგან შედგება: რვა უპარტიო და ცხრა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და ცესკო-ს ორი უპარტიო წევრი პარლამენტმა აირჩია 2 აგვისტოს მარტივი უმრავლესობით, „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის“ საშუალებით, კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე პირმა ცესკო-ს მიუკერძოებლობის მიმართ ცვალებადი ნდობა გამოხატა და განაცხადა, რომ „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმისადმი“ მიდგომა იყო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამოტოვებული შესაძლებლობა; სხვებმა აღნიშნეს, რომ პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების არსებით განხილვას. დღეისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა ყველა კანონიერი ვადები და მიმდინარეობს ტექნიკური მზადება.

არჩევნებზე რეგისტრირებულია 3,4 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. საზოგადოებისთვის ბიულეტენების ნამდვილობის შესამოწმებლად 2 სექტემბრიდან ამომრჩეველთა სიები ნაჩვენებია საუბნო საარჩევნო კომისიებში. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას უმეტესობას არ გამოუთქვამს შეშფოთება ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით.

არჩევნებში სულ 42 პოლიტიკური პარტია და 76 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობს. ცესკო-მ და საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 241 მერობის კანდიდატი, 2 845 მაჟორიტარი კანდიდატი 664 ერთამანდატიან ოლქში და 773 პროპორციული სიით. ქალ კანდიდატთაგან მერობაზე 25 იყრის კენჭს (10 პროცენტი), მაჟორიტარული ადგილისთვის 496 (17 პროცენტი) და პროპორციულ სიაში 8 856 (42.5 პროცენტი). ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო რამდენიმე მოხსენება კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ, არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებით.

7 სექტემბერს, ცესკო-მ გადაწყვიტა, რომ პროპორციული სიები, რომლებიც კანდიდატების გაყვანის გამო მინიმალურზე დაბლა იყო, არ გაუქმდება“, – აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია წინასაარჩევნო პროცესის გაშუქებაზე და აღნიშნულია, რომ კამპანია ფართოდ შუქდება ბეჭდურ და ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

„მონაწილეების უმეტესობას, რომლებსაც ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ, არ გამოუთქვამთ შეშფოთება მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული აღწერს პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, დეზინფორმაციის გავრცელების ხშირი ბრალდებით.

ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო მეტისმეტად წყალობს მმართველ პარტიას, მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს საკითხი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე.

„საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩო განსაზღვრავს შეზღუდვებს შემოწირულობებისა და ხარჯების შესახებ, ანგარიშგებისა და გამჟღავნების მოთხოვნებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია, ვალდებულია გამოაქვეყნოს არჩევნების მონაწილეთა ფინანსური ანგარიშები არჩევნების დღემდე და არჩევნების დღის შემდეგ, თუმცა არ მოეთხოვება გამოაქვეყნოს თავისი დასკვნები ანგარიშებთან დაკავშირებით. 48 პარტიისა და 38 დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ შუალედური დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე 14 სექტემბრისთვის გამოქვეყნდა, როგორც ეს კანონით იყო განსაზღვრული”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა „ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

„ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან ზოგიერთმა შეშფოთება გამოთქვა მედიაგარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების გამო. საარჩევნო კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, უზრუნველყონ კამპანიის სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დასკვნის თანახმად, მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე არჩევნებში რეგისტრირებული კანდიდატების წარმომადგენლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მთელ საარჩევნო პროცესს. კერძოდ, ამ დროისთვის, 64 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლად.

„ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა კანდიდატმა შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრაქტიკის გამო, რომლითაც ხელოვნურად ზრდიან საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლობას არაპარტიული მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაკვირვების საფარქვეშ”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ასევე საუბარია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე.

„ეროვნული უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი კენჭს იყრის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ასევე საარჩევნო უბნების პერსონალისთვის ტრენინგებს უმცირესობების ენებზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება საჩივრების საკითხს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოდირი-ს წინა რეკომენდაციების შესაბამისად, საჩივრების წარდგენის და განხილვის ვადები გაიზარდა და პირველად, შესაძლებელია საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენა, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

„არჩევნებში მონაწილე მხარეებს და დამკვირვებლებს შეუძლიათ, შეიტანონ საჩივრები საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში. ოდირი-ს წინა რეკომენდაციების შესაბამისად, საჩივრების წარდგენის და განხილვის ვადები გაიზარდა და პირველად, შესაძლებელია საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენა. ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია სრულად არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, რომ განიხილონ საჩივრები ფართო სამართლებრივი მდგომარეობისა და საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცესკო-ს თავმჯდომარეების უფლებამოსილების შესახებ.

დღეისთვის შეტანილია დაახლოებით 120 საჩივარი, ბევრი მათგანი პროცედურულ საკითხებზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კანდიდატთა რეგისტრაციასა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნაზე. მათი უმეტესობა იყო უარყოფილი”, – აღნიშნულია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზეც.

„შეთანხმების შემდეგ პარლამენტის ოპოზიციურ წევრთა უმრავლესობამ დაიკავა ადგილები პარლამენტში, თუმცა მაშინ შეთანხმებისთვის ხელი ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მოუწერია, მათ შორის იყო უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, რომელმაც მოგვიანებით, 2 სექტემბერს მოაწერა მას ხელი. 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა მმართველი პარტია, რომელმაც განაცხადა, რომ შეასრულა ყველა პუნქტი და „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნისთვის” გააკრიტიკა პარტიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზებით.

„ოპოზიციურ პარტიათაგან მრავალი ამ ადგილობრივ არჩევნებს ახასიათებს, როგორც ეროვნულ რეფერენდუმს და საგზაო რუკას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მისასვლელად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შუალედურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიაში ამ დროისთვის დომინირებს ერთი მხრივ ურთიერთბრალდებები დეზინფორმაციასა და საარჩევნო დარღვევებზე, მეორე მხრივ – არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე ფოკუსირება.

„მმართველი პარტიისთვის 43-პროცენტიანი ზღვარი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, არის დისკუსიის საკვანძო მომენტი, რომელმაც გადაფარა ადგილობრივი საკითხები კამპანიის პირველ კვირებში. ეუთო/ოდირის მისიასთან საუბარში თითქმის ყველა რეგიონში ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ჩინოსნები, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხმების მოსყიდვით არიან დაკავებული და ოპოზიციური პარტიების მომხრეებზე ზეწოლას ახორციელებენ“, – აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.