პოლიტიკა
თბილისში დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი გაიხსნა

zingerisსასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე შეხვედრის მთავარი თემაა „დემოკრატიზაცია ევროპასა და ევროპის სამეზობლოში“.

კონფერენცია საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა გახსნა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესში „ვარდების რევოლუციის“ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ „ვარდების რევოლუცია“ გახდა პირველი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში, ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულნი არიან.

დღევანდელი სამუშაო დღის განმავლობაში 3 სესიაა დაგეგმილი. დღევანდელ სესიაზე სიტყვით ევროპარლამენტის პრეზიდენტი იაჟეკ ბუზეკი გამოვა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ესენი არიან: ევროპის პარლამენტი, დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სომხეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, იტალია, კორეა, ლატვია, ლიტვა, მაროკოს სამეფო, პოლონეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, საქართველოს მთავრობის ყველა უწყების წარმომადგენელი. ფორუმს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.