პოლიტიკა
მედია-კავშირ "ობიექტივის" მიმართვა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს!

obiektivგაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისს

ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში

საქართველოში აკრედიტირებულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

მოგმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, რადგან სწორედ თქვენ გვესახებით ერთადერთ ფარად, რომელიც დაგვიცავს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური, თუ მორალური ზეწოლისგან.  კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირების ყველა წინაპირობა. მედიაში რეგულარულად  ვრცელდება არაერთგვაროვანი ინფორმაცია 21 მაისის  საპროტესტო აქციის შესაძლო დარბევისა და საპროტესტო აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.

ჩვენ, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა გაერთიანება, მედია-კავშირი „ობიექტივი“  საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოგმართავთ თხოვნით, - განახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი დამოუკიდებელ ტელე-რადიო და ინტერნეტ -მაუწყებლებზე, რათა ჟურნალისტებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მოგვეცეს და  არ განმეორდეს 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსი პრეცედენტი, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმების მიერ დარბეულ იქნა ტელეკომპანია „იმედი“, ხოლო ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა უხეში და ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედებები.

პატივცემულო დიპლომატებო,  მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა მთელი რიგი მიმართულებებითაა შეზღუდული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ან სხვა რაიმე მოტივით, თავისუფალი ტელე-რადიო და ინტერნეტ- მაუწყებლების შენობებში ძალოვანი დანაყოფების შესვლა, გამოიწვევს ამ მაუწყებლების ისედაც მწირი ტექნიკური რესურსის განადგურებას. ეს კი, საქართველოში რამდენიმე თვით შეაფერხებს დამოუკიდებელი ტელე-რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლების საქმიანობას, რაც  საბედისწერო დარტყმა იქნება დემოკრატიასა და თავისუფალ საზოგადოებაზე.

 

პატივისცემით მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი

2011 წლის 19 მაისი. თბილისი.