უცხოეთი
სომხეთი-ირანი-აზერბაიჯანი: სატრანსპორტო დერეფნების „ომი“. მოსაზრება ერევნიდან

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთში ახალ პერსპექტივებს განიხილავენ, რომელიც ქვეყანას ირან-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ გაუჩნდა, რაც თავის მხრივ თეირანი-ერევნის ტრანზიტული გზის გამო დაიწყო. ამ ფონზე ირანი და სომხეთი ახალ მასშტაბურ სატრანსპორტო პროექტს იწყებენ – „სპარსეთის ყურე – შავი ზღვა“, რომელიც სატრანზიტო მარშრუტის ირანი-სომხეთი-საქართველოზე გავლას ითვალისწინებს და მასში აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობას გამორიცხავს.  

შექმნილი ვითარების ანალიზი სომხური მხარის გადმოსახედიდან.

ბოლო მოვლენები

ომის რისკი? ირანის სამხედრო სწავლება აზერბაიჯანის საზღვართან და პარალელური აზერბაიჯანულ-თურქული სწავლება

2021 წლის სექტემბრის შუიდან, თეირანმა აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონებში დიდი რაოდენობის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო და სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ განაცხადა.

მისი მასშტაბებისა და მიზნების შესახებ ოფიციალური თეირანი არსებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მაგრამ მრავალრიცხოვანი ვიდეორგოლებიდან, რომელიც ქსელში რიგითი მომხმარებლების მიერ ვრცელდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მასშტაბური გადაადგილებებია. საზღვართან თავი მოიყარა არა მხოლოდ სწავლებისთვის სტანდარტულმა ტანკებმა და ჯავშანტრანსპორტიორებმა, არამედ ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა, საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა, უპილოტო თვითმფრინავებმა და მართვადმა ავიაციამ.

პარალელურად სწავლება მიმდინარეობს აზერბაიჯანის ავტონომიური ანკლავის, ნახიჩევანის საზღვრის მახლობლად. ამავე დროს, იქვე და თითქმის იმავდროულად, მაგრამ საზღვრის მეორე მხარეს თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო.

რეგიონში ბევრი ექსპერტი, მათ შორის სომხეთში, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საბრძოლო მოქმედებების დაწყების საფრთხის განხილვას შეუდგა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანს იმაში ადანაშაულებს, რომ ის „ისრაელისთვის პლაცდარმად“ იქცა

ბაქო და თელ-ავივი ათ წელზე მეტია მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში. ისრაელი თავის უპილოტო საფრენ აპარატებს აზერბაიჯანზე ყიდის, ასევე, ამ ქვეყანაში უპილოტო თვითმფრინავების ზოგიერთი ხაზის ერთობლივი წარმოება დაიწყო.

საპასუხოდ ირანის ხელისუფლება ფაქტობრივად ღიად ადანაშაულებს აზერბაიჯანს იმაში, რომ ის ისრაელისთვის პლაცდარმად იქცა. თეირანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელელი სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან.

იმავე დღეებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან. იქვე მან „საკუთარ საზღვრებთან სიონისტური რეჟიმის მიუღებლობის“ შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანი ადასტურებს, რომ ისრაელისგან შეიარაღებას ყიდულობს და უარყოფს ირანული მხარის მტკიცებას ყარაბაღის ტერიტორიაზე ისრაელელი სამხედრო სპეციალისტების ყოფნის შესახებ.

გზა სომხეთის სამხრეთის გავლით, როგორც გამწვავების მიზეზი

სომხეთში ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ გამწვავების მთავარ მიზეზად ირანიდან სომხეთში მიმავალი ცენტრალური გზის კონტროლის საკითხი იქცა, რომლის საშუალებითაც სომხეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთის 40 პროცენტი მიეწოდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საუბარია ამ გზის პატარა მონაკვეთზე, რომელიც სომხურ ქალაქებს კაპანსა და გორისს შორის გადის. 20-კილომეტრიანი მონაკვეთი აქ იმ ტერიტორიაზე ხვდება, რომელზე კონტროლიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიბრუნა.

სექტემბრის შუაში აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ირანულ სატვირთო ავტომობილებს ამ გზით ტვირთი და საწვავი არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ყარაბაღის იმ ნაწილშიც შეაქვთ, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ. განაცხადა რა, რომ ეს მისთვის მიუღებელი იყო, აზერბაიჯანმა გზის ამ მონაკვეთზე საპოლიციო და საბაჟო პოსტები განათავსა.

ირანელი მძღოლებისგან აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის გამო საბაჟო გადასახადის გადახდა მოითხოვეს. ასევე, აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გადაადგილების ბრალდებით ორი ირანელი მძღოლი დაიჭირა.

ამან საპასუხოდ ირანის რისხვა გამოიწვია და ეს ქვეყნის ხელისუფლებამ გამოწვევად მიიღო.

სიტუაცია ძალიან სწრაფად დაიძაბა. მეორე მხარის ღია კრიტიკით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ირანის სულიერი ლიდერი.

ზანგეზურის დერეფნის შესახებ – თურქეთიდან აზერბაიჯანამდე სომხეთის ტერიტორიის გავლით

სომხეთს მიაჩნია, რომ ირან-სომხეთის ავტომაგისტრალზე გართულებები აზერბაიჯანმა იმ მიზნით შექმნა, რომ ის ბაქოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის – ზანგეზურის დერეფნის განხორციელებაზე დაითანხმოს – ეს არის გზა სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც თურქეთიდან აზერბაიჯანამდე ჩავიდოდა მისი ავტონომიური ნახიჩევანის გავლით, რომელიც ახლა ანკლავია და თითქმის სრულად სომხური მიწებით არის გარშემორტყმული.

ამ პროექტთან დაკავშირებით სომხეთის კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია უკვე არაერთხელ გაცხადდა: აზერბაიჯანი ვერ მიიღებს გზებს სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც ერევნის კონტროლქვეშ არ იქნება.

იგივე პოზიცია გაიმეორა თეირანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, რომელიც იქ ვიზიტით ირან-აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ჩავიდა.

ასევე, მირზოიანმა კვლავ გაიმეორა, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9 ნოემბრის შეთანხმების პუნქტებს და ფაქტობრივად ახალ მოთხოვნებს აყენებს.

ერევანი ზავის შესახებ სამმხრივი შეთანხმების პუნქტებზე აპელირებს, რომელსაც ხელი 2020 წლის 10 ნოემბერს მოეწერა (სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მხრიდან) და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტში რეგიონში კომუნიკაციების გახსნაზეა საუბარი, მაგრამ არანაირი დერეფანი ნახსენები არ არის.

„ჩვენ ვისაუბრეთ ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე, ანუ ასეთი თემის არარსებობაზე. კიდევ ერთხელ მოვახდინეთ კონსტატირება, რომ ასეთი თემა არც არის და არც შეიძლება იყოს“, – განაცხადა ირანში ვიზიტის შემდეგ არარატ მირზოიანმა.

ალტერნატიული მარშრუტი: „სპარსეთის ყურე – შავი ზღვა“, ირანიდან სომხეთსა და საქართველომდე

პრობლემების გადაწყვეტას სომხეთი და ირანი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში ხედავენ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიას გამორიცხავს. ორივე ქვეყნის ბოლო ოფიციალურ განცხადებებში საუბარია ერთობლივი პროექტის რეალიზაციაზე – „სპარსეთის ყურე – შავი ზღვა“, რომელიც ირანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაივლის და უნდა გახდეს ინდოეთისა და ჩინეთისთვის ევროპულ გზაზე გასასვლელი.

„ირანული სატვირთო ავტომობილებისთვის სომხეთში ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტი (ტატევი-კაპანის გზა – JAMnews) უკვე მომდევნო თვის განმავლობაში მოასფალტდება. და უკვე აღარ იქნება ძველი გზით სარგებლობის აუცილებლობა, რომელიც აზერბაიჯანზე გადის, ის კი ჩვენგან საბაჟო გადასახადს მოითხოვს“, – განაცხადა ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ხეიროლა ხადემიმ, რის შესახებაც ინფორმაცია 8 ოქტომბერს ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა.

„გზების აშენება და ბლოკადის გამორიცხვა“

„სომხეთმა უნდა გამორიცხოს ნებისმიერი ვარიანტი, რომელმაც შეიძლება ბლოკადა გაითვალისწინოს. ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, უნდა კონტროლდებოდეს სომხეთის მიერ. მეორე – ერევანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ირანი-სომხეთი-საქართველოს მიმართულების განვითარებისთვის, რომელიც ახალ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს გვაძლევს“, – მიაჩნია პოლიტოლოგ ემილ ორდუჰანიანს.

ამ მიმართულებას „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მარშრუტს უწოდებენ. მისი რეალიზაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ რეალური შესაძლებლობები მხოლოდ 2021 წლის ზაფხულის დასაწყისში გაუჩნდა, როდესაც ევროკავშირმა ამისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოყო.

ამ გზის ჩრდილოეთი ნაწილი, საქართველოს მხრიდან, დიდწილად დაგებულია. დარჩენილია შედარებით მასშტაბური და რთული მონაკვეთი – სამხრეთი. სწორედ ამ მონაკვეთის ასაშენებლად გამოყო ევროკავშირმა 600 მილიონი ევროს დაფინანსება.

„ირანი კავკასიაზე გასვლას მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს გავლით, ბაქოსა და ანკარის გვერდის ავლით აპირებს. ამრიგად, თეირანი ასევე ხაზს უსვამს ერევნის მნიშვნელოვან როლს თავისი მიწოდებების დივერსიფიკაციისათვის“, – მიაჩნია ირანისტ ჟანა ვარდანიანს.

jam-news.ne