პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა ციხის საავადმყოფოდან გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია (ვიდეო)

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბრის დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვა (ინგლ. Urged) შიმშილობა შეწყვიტოს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოში მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე; ასევე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება და უნდა გაუწიოს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შიმშილობის დასრულების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში (ვიდეო იხ. აქ).

სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და მხარეებს — სააკაშვილს და სახელმწიფოს სახელით მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს — სთხოვა დროებითი ზომის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია 24 ნოემბრამდე მიაწოდონ მას. სასამართლო შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე ამის შემდეგ იმსჯელებს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ დროებითი ზომის ფარგლებში მოთხოვნილ ღონისძიებათა გატარებას, შესაძლოა დადგინდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა. აღნიშული მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, არ დააბრკოლოს პირი/ორგანიზაცია/პირთა ჯგუფი, საჩივრით მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან მოყოლებული შიმშილობს. ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესების ფონზე, ხელისუფლებამ იგი 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში, სააკაშვილისვე თქმით, მოტყუებით გადაიყვანა. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, პირადი ექიმი და ადვოკატები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კვირების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ სხვადასხვა რისკის, მათ შორის, იქ მოთავსებული პატიმრების მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო.