აქტუალური
პრემიერი: ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მთლიანი ვალი 51,1%-მდე მცირდება და 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ. მანამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც, ასევე, მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის მთლიანი ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი, ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა, როგორც უკვე ვთქვი, მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2%. პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით. ასევე, მინდა აღვნიშნო, როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომავალ წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.