პოლიტიკა
ნატო ოკუპირებულ რეგიონებში მე-5 მუხლის გაუვრცელებლობაზე „მკაფიო არას“ ამბობს

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ხავიერ კოლომინა პირისმა „მკაფიო არა“ განაცხადა იმ პირობაზე, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად ალიანსის წესდების მე-5 მუხლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე გაუვრცელებლობას გულისხმობს.

არა მგონია, რომ ეს ვარიანტს წარმოადგენს“, – განაცხადა მან, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ 2019 წელს გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა განიხილოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის დროებით გაუვრცელებლობის საკითხი.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ 6 დეკემბერს ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გამართული ვიდეოდისკუსიის დროს, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო გამოსავალი და არ ვეცადოთ მოკლე გზების ძიებას“.

მისი თქმით, ამგვარი წინადადება „უსარგებლოა არსებულ ვითარებაში“, ვინაიდან ერთ-ერთი გზავნილი, რომელსაც ნატო უგზავნის „არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც“, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

რისი ნახვაც გვსურს არის პროგრესი ამ მოუგვარებელ კონფლიქტებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად ჟენევის დისკუსიებში პროგრესის საჭიროების საკითხი განიხილა.

ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოკლე გზების ძიება ალიანსის პოლიტიკას არ წარმოადგენს და დასძინა – მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა საჭირო“.

აღნიშნა რა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა „მნიშვნელოვან ადგილს“ დაიკავებს ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მადრიდში 2022 წლის სამიტზე იქნება მიღებული.

მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკის მთავარი მიზანი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაა და დასძინა, რომ მოკავშირეები თვალყურს ადევნებენ საქართველოს პროგრესს ამ კუთხით და ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ხავიერ კოლომინა პირისმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება, მათი შეშფოთების საგანი გახდა.

ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არსებულმა პოლარიზებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, ხელისუფლებას პროგრესიდან ყურადღება გადაატანინოს. მან სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების საჭიროებას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ნატო ღიად გადასცემს წუხილებს ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებას.

ხავიერ კოლომინა პირისმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ალიანსის მზადყოფნისა, ღია კარის პოლიტიკაში გარღვევის მიღწევა რთულია. უნდა გვესმოდეს როგორია არსებული ვითარება და რამდენად დაუმარცხებელია ზოგჯერ რეალობა და გეოსტრატეგიული გარემოებები“.