პოლიტიკა
„შეტაკებები, სავარაუდოდ, დღეს – 24-დან 25 მაისის ღამით – მოხდება!“ საპროტესო აქცია – მეოთხე დღე. პროგნოზები და საფრთხე

aqciaaa_axalgazrdebiროგორც საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ თავის მკითხველს უკვე აუწყა, ოპოზიციის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წრეებში ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე „სრულიად საიდუმლოდ“ ლაპარაკობდნენ „საგზაო რუკაზე“, რომელიც სამი პუნქტისგან შედგებოდა:

1) „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია პირველივე დღეს გადაინაცვლებს თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან (გამართლდა);

2) „სახალხო კრება“ და მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეურიგდება (შეურთდება) „ქართულ პარტიასა“ და ლევან გაჩეჩილაძეს – „გრეჩიხას“ (გამართლდა). (თუმცა აქ აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ლიდერთა ამბიციები გამომჟღავნდა – ბურჯანაძეც და გაჩეჩილაძეც, ჯერ კიდევ გამარჯვებამდე, უკვე ხვალინდელ დღესა და იმაზე ფიქრობენ, ვის შეხვდება გამარჯვების „დაფნის გვირგვინი“. ამიტომ უმთავრეს ბრძოლაში – 25 მაისს – ისინი ერთს კი არა, ორ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან – „ქართული პარტია“ – ავლაბარში, „სახალხო კრება“ – თავისუფლების მოედანზე. ამიტომ „ქართული პარტიის“ ლიდერების – ეროსი კიწმარიშვილისა და გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი“), კუთვნილ ტელეკომპანია „მაესტროს“ ბოლო ორი დღეა, კრიტიკული პოზიცია უკავია „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის მიმართ, ლიდერები კი თავს ვერ იკავებენ ერთმანეთის მისამართით „ქოლგის ჩხვლეტებისა“ და სხვა ამგვარი, შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი ამრეზილობის სიმპტომებისგან...);

3) პროვოცირებული იქნება პოლიციასთან შეჯახება ან აქციის დარბევა, რის შედეგადაც დაიღვრება სისხლი, რაც საშუალებას მისცემთ, დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობასა და რფ-ს მიმართონ, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო ომი, დაიცვან ქართველი ხალხი და საზოგადოებრივი წესრიგი (დიდი ალბათობით გამართლდება).

ოპოზიციურ ელიტას ესმის – ერთადერთი, რამაც შეიძლება აქციას წარმატება მოუტანოს, პოლიციასთან შეჯახება და დაზარალებულთა არსებობაა, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ლიდერებიც კი. ეს ხელისუფლებასაც ესმის, თუმცა დარბევას გვერდს ვერ აუვლის, რადგან, სხვაგვარად, 26 მაისის სამხედრო აღლუმისა და გამარჯვების დღის ზეიმის აღუნიშნაობა მოუწევს, რაც ოპოზიციის სიძლიერისა და გამარჯვების, შესაბამისად, – მისი, ხელისუფლების, დამარცხების აღიარება იქნება.

რაკიღა ერთობლივი აქცია 25 მაისსაა დანიშნული და იმავე დღეს მოვლენების ცენტრში თავდაცვის ექს-მინისტრი, საფრანგეთის მოქალაქე ირაკლი ოქრუაშვილი, გამოჩენასა (ან პარიზიდან, ან მოსკოვიდან, ან მშობლიური ადგილების, ცხინვალის მხრიდან, ან კიდევ აფხაზეთიდან) და უმალვე ხელისუფლებისთვის ბოლოს მოღებას აპირებს, მომიტინგეთა და პოლიციის შეტაკება უნდა მოხდეს, სავარაუდოდ, დღეს – 2011 წლის 24-დან 25 მაისის ღამეს. გამორიცხული არაა, რომ რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფი მომიტინგეთა მხარეს გადავიდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ოქრუაშვილს დააპატიმრებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაჩაღებული კორუფციისა და სხვა ბრალდებებით ძებნილს, რადგან მომხრეთა გარემოცვაში ის ერთ-ორ დღეზე მეტხანს დამალვას ვერ შეძლებს. ასევე, ვერ შეძლებს საფრანგეთში დაბრუნებასაც – კანონით, საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისათვის ის საფრანგეთის მოქალაქეობას დაკარგავს.

იმავე დღეს, 25 მაისს, საქართველოში ჩამოსვლა დაუგეგმავს „ქართული პარტიის“ სპონსორს, მოსკოველ კოტე გოგელიასაც, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, იმ ქართული წარმოშობის რუსი მილიონერების კოორდინატორიცაა, რომლებიც ყაბულს არიან, „მძიმე შრომით მოპოვებული“ სახსრები „სააკაშვილისეული ჭირისგან“ საქართველოს გათავისუფლებაში ჩადონ (და უკვე დებენ კიდეც). კოტე გოგელია „ნომენკლატურული“ აჩიკო გოგელიას, საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოს ყოფილი შეფის (შევარდნაძე-სკკპ ხანაში) ძმაა; იმ ტელერადიოსი, რომლის შენობის წინაც დღეს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კიდევ – ის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ასულის – მაკა ასათიანის, ცნობილი მამისა და ოჯახიშვილის ქალიშვილის ქმარია. ხოლო სილამაზე რომ საშინელი ძალაა, საყოველთაოდ ცნობილია...

ლიდერთაგან არავინაა პათოლოგიური იდიოტი და „ქუჩის“ პოლიტიკურ ბრძოლებში ახალბედა, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავს ერთობ მშვიდად გრძნობენ და, თანაც, როგორც არასდროს, მცირე რაოდენობის ხალხის, ელექტორატის ნაკლები მხარდაჭერის პირობებში! ოდესღაც 300.000 მომიტინგე დღეს 3.000 კაცს ითვლის (პირველ დღეს) და 300-ს (მეორე დღეს), რაც მკაფიო გეგმის არსებობაზე და, როგორც მინიმუმ, წარმატების 90-პროცენტიან რწმენაზე მეტყველებს.

დამარცხების შემთხვევაში, ყველა ლიდერი, როგორც მინიმუმ, – პოლიტიკური და შესაძლოა – ფიზიკური გვამიც, ყველა შემთხვევაში – სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო გადატრიალებისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით, სააკაშვილის ტუსაღები იქნებიან. მათ ეს ესმოდათ, როცა უკანდასახევ ხიდებს წვავდნენ, ამიტომ მათი ზეპრაგმატული ბუნების, უდიდესი ამბიციებისა და ძალზე მდიდარი ადამიანების ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, თითქმის გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ ისინი თავდადებით გადაეშვებიან ბრძოლაში მხოლოდ მაღალი იდეალებისა და თავიანთი ბედკრული სამშობლო საქართველოსათვის.

ზემოჩამოთვლილის გარდა, არსებობს კიდევ ორი მიზეზი, რომელთა გამოც დღევანდელი, საპროტესტო აქციის მეოთხე დღე „სახალხო კრებისთვის“ არქიმნიშნელოვანი იქნება:

ა) ლიდერებს არ ეყოთ ტაქტი, უნარი და პოლიტიკური თავშეკავებულობა, ქართულ მასმედიასთან ურთიერთობის ასაწყობად და აიმხედრეს მეოთხე ხელისუფლება – მასმედია, იმის მიუხედავად, თუ რომელ პოზიციაზე იმყოფებოდნენ თავიდან ჟურნალისტები, რომლებსაც განურჩევლად შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ შექეიფიანებული ოპოზიციონერები, რაც ნაბახუსევზე, ალკოჰოლურ ოხშივართან ერთად, სავარაუდოდ, ც უდად შემოუბრუნდებათ;

6) კანონი „მანიფესტაციების შესახებ“, რასაკვირველია, ითვალისწინებს სანქცირებული მიტინგის მონაწილეთა მხრიდან სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვას, მაგრამ... მხოლოდ მათი საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში! ანუ, თუ მომიტინგეები ვერასგზით ეტევიან ტროტუარებზე, შეუძლიათ სავალ ნაწილზეც გადაინაცვლონ! მაგრამ, თუ თქვენი რიცხვი, ბატონებო, ას-ორას კაცს აღწევს და მიტინგებზე ისე დადიხართ, როგორც სამუშაოზე ან პრომენადზე, საღამოს კი შინ ბრუნდებით, მაშინ კეთილი ინებეთ და გაათავისუფლეთ ქუჩა საზოგადოებრივი და სხვა ტრანსპორტისათვის, რათა თქვენი პოლიტიკური ბრძოლის გამო არ დაზარალდნენ არც თქვენს პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილენი (რომლებიც აღარ გენდობიან!) და არც მოსახლეობა, რომელსაც ისედაც არ ულხინს...

თუმცაღა არსებობს, მიზერული, თუმცა მაინც შესაძლებლობა, რომ ეს ან თქვენი მორიგი სუპერსისულელეა, ან – გაყიდული თამაში, რაც, ასევე, ქართული პოლიტისტებლიშმენტის საუკეთესო ტრადიციების გამოხატულებაა.

მაგრამ მაინც ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს. მანამდე კი „Bella ciao!“

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"