აქტუალური
რუსეთისთვის ნატოს შემტევი იარაღის საქართველოში განთავსება „წითელი ხაზებია“

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს შემტევი სისტემების განთავსება, უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხეებიდან გამომდინარე, რუსეთისთვის „წითელი ხაზები“ იქნება, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისთან მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის მომხრეა, მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე შემტევი იარაღის სისტემების განლაგება ჩვენთვის „წითელი ხაზია“, რადგან ასეთი ქმედებები რადიკალურად შეცვლის ძალთა სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და უშუალო საფრთხეს შეუქმნის რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას რეგიონში“, — განაცხადა რუდენკომ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე.

როგორც ანდრეი რუდენკომ განაცხადა, მოსკოვი ნატოსგან მოითხოვს, რომ ალიანსმა ოფიციალურად გაიწვიოს უკან საქართველოსა და უკრაინის ოდესმე ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება.