რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ახალი წელი მიულოცა

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ახალი წელი მიულოცა. ვიდეომიმართვაში ილია მეორე აცხადებს, რომ ადამიანები რეალისტები უნდა იყვნენ და არ უნდა ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში.

„ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს. სიძნელე მოდის და მიდის, ასევე, სიხარული, მოდის და მიდის.

ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც. განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ.

დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს. ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია", - აცხადებს პატრიარქი.