სამართალი
ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთესად გამოიყურება და ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ბოლოს გორის ჰოსპიტალში ნახა.

მისივე თქმით, სააკაშვილს დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და აპირებს, ჩვენება მისცეს ამ კომისიას.

შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც მე გორში ბოლო ვიზიტის დროს დამხვდა. პრობლემები არსად წასულა, მაგრამ შედარება მართლაც არ არის. უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით. ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს. მას დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. აპირებს, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას, მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული.

პოლიტიკურად არის ძალიან კარგ ფორმაში. იცით, რომ მან საზოგადოებას უკვე გააცნო ერთი სერიოზული დოკუმენტი, მის დასავლურ მანიფესტს ვგულისხმობ, ხოლო ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც გააგრძელებს მეტ კვალიფიციურ მუშაობას. არის მოცული იმ საკითხებით, რაც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. ის ეფუძნება იმ კვლევებს, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული, ის წერს ეკონომიკურ პროგრამას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ, რომელმაც სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.