სამართალი
დევნილთა 1500-მდე ოჯახს დღემდე ვაუჩერი არ მიუღია

vaucherebiროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული ,,წყალობა“ – 20-ლარიანი ელექტროენერგიისა და 30-ლარიანი სურსათის ვაუჩერები, ზუგდიდში განთავსებულ 1500-მდე დევნილ ოჯახს დღემდე არ მიუღია, რაც მათ გულისწყრომასა და აღშფოთებას იწვევს.

დევნილები დიდი ხანია, დარბიან ინსტანციიდან ინსტანციამდე, როგორმე მიაღწიონ მიზანს, მაგრამ გარკვეული პასუხი, თუ რატომ არ გადაეცათ მათ ეს ვაუჩერები, ვერ მიიღეს.

ვისაც ვაუჩერები არ მიუღია, განცხადებები დააწერინეს და ე. წ. დამატებითი სიები შექმნეს სოციალური დაცვის სააგენტოს ზუგდიდის განყოფილებაში, რომლებმაც ეს სიები გადაუგზავნეს ქ. სენაკში განთავსებულ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამეგრელოს ფილიალს.

როგორც აღნიშნული სააგენტოდან იტყობინებიან, შესაძლებელია ამ დამატებით სიებში მოხვედრილმა დევნილებმა ვაუჩერები ივნისის დასაწყისისთვის მიიღონ. თავად ვაუჩერებს ვადა 1 ივლისამდე განესაზღვრა. ახლა დევნილები სენაკში განთავსებული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობის „წყალობის“ მოლოდინში არიან.

რაც შეეხება იმ დევნილებს, ვინც ვაუჩერების მიუღებლობის გამო განცხადების დაწერა ვერ მოასწრო, ვაუჩერებს ვერ მიიღებენ.