პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი: ნატო მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის საკითხის დიპლომატიური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სასურველია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, რუსეთის აგრესიას მძლავრად უპასუხოს.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს უკრაინა ემუქრება რუსეთს და კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა. სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდასთან დაკავშირებით, აშშ-ის და მოკავშირეების შესაძლო საპასუხო რეაგირების და რუსეთთან მომავალი დიპლომატიური ჩართულობის საკითხები განიხილა. ამასთან, ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დიალოგი არ იქნება.