აქტუალური
დავით ზალკალიანი: უკრაინას ჩვენგან ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ ეთანხმება შეფასებებს და კრიტიკას, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ოფიციალური თბილისი „დუმილის პოლიტიკას“ იკავებს.

როგორც ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ პოზიციებს ჯერ კიდევ ნოემბრიდან, მას შემდეგ აფიქსირებს, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან საკუთარი შენაერთების განთავსება დაიწყო. ზალკალიანმა ის ნაბიჯებიც ჩამოთვალა, რაც, მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერას ადასტურებს.

რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც უკრაინის წარმომადგენელთან ერთად მივიღე მონაწილეობა დებატებში და ღიად დავაფიქსირე ჩემი უკრაინული მხარისადმი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითია ჩემი საჯარო განცხადებები და რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ზარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან. არაოფიციალურად ჩემს უკრაინელ კოლეგას ვესაუბრები რამდენჯერმე, ეს მხარდაჭერა მათთვის არის ნათელი, არცერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არ აქვს განსხვავებული განცდა, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში წამყვანის შეკითხვას - უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამწვავების ფონზე რამდენად საკმარისია განცხადებები, რომელიც კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთების კუთხით კრიტიკა არ ყოფილა და ეს არის ოპოზიციის ნარატივი, თითქოს მმართველი გუნდი რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებელია. მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ოკუპაცია დაუშვეს.

ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველომ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავაფიქსირე ჩემი მიუღებლობა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეგვიზღუდოს სუვერენული არჩევანი სტრატეგიულ ალიანსებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ვინ გვაკრიტიკებს? გაგიგიათ ერთი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების? ცდილობენ შექმნან ნარატივი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები. თავად არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ეს არის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური. უკრაინას ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს ოკუპაცია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს დელეგაცია უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჯერ კიდევ დეკემბერში იმყოფებოდა, სადაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა, ამის შემდეგ კი, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმაში, რაც იყო „უსერიოზულესი მხარდამჭერი განაცხადი“.

გვაქვს ძალიან საფუძვლიანი და სერიოზული დასკვნები გამოტანილი იმ უმძიმესი გამოცდილებიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. ძალიან კარგად გავაანალიზეთ პერიოდი, რაც წინ უძღოდა საქართველოში რუსეთის შემოჭრას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენს ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ საქმე ისე, თითქოს ჩვენ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება გვაქვს. უკრაინასთან მიმართებით სიტუაციის ესკალაცია არ დაწყებულა დღეს, ან ერთი კვირის წინ. ეს პროცესი ნოემბერში დაიწყო და დღემდე მიაღწია პიკს. ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერში პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გავემგზავრეთ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით, იქ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე საქართველოს დელეგაციამ. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმაში, რაც იყო უსერიოზულესი მხარდამჭერი განაცხადი.

პრემიერ-მინისტრის მიერ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და იმ პროცესების მიუღებლობასთან, რომელიც მიმდინარეობდა. ყირიმის პლატფორმაში ბევრმა ქვეყანამ არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საქართველომ ეს ნაბიჯი გადადგა, იყო თუ არა ეს ხმამაღალი განაცხადა, ან ძახილი? ეს არ იყო არამხოლოდ მორალური, არამედ უძლიერესი პოლიტიკური ნაბიჯი, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა? ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში, ბრიუსელში მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ძალიან მკაფიო, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ჩვენ ერთობლივად მივიღეთ მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში, იქაც, მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები გაკეთდა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეხსენებას, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, ზალკალიანის განცხადებით, თუკი სიტუაციის ასეთი ესკალაცია მოხდება, საქართველო უკრაინელი მეგობრების გვერდში იქნება“.